logo
ENG



მოსკოვსა და დონის როსტოვში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა

24 ივნ 202301:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/zgvwecnye7kl6d9.jpg

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში ჯავშანტექნიკა შენიშნეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა 161.ru ტელეგრამზე წერს.

გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და როსგვარდიის მთელი შემადგენლობა მზადყოფნაშია მოყვანილი; გარდა ამისა, ანექსირებული ლუჰანსკისა და დონეცკის საზღვრებთან გაძლიერებულია პოსტები.

ამასთან, პლატფორმა Baza წერს, რომ დონის როსტოვში ქუჩებია გადაკეტილი.

BBC-ის მოსკოვის ბიურო წერს, რომ მოსკოვში, დონის როსტოვსა და ბელგოროდში - უსაფრთხოების სპეციალური ზომებია მიღებული. კერძოდ, მოქმედებაში ჩაუშვეს გეგმა "Krepost" [ციხესიმაგრე], ანუ განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ აიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და პენიტენციური სამსახურის მნიშვნელოვანი ობიექტები.

სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა მოსკოვშიც. კერძოდ, ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ჯავშანტექნიკამ სახელმწიფო დუმის შენობას ჩაუარა. 

 

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშუალა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია". 

"ბოროტება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, შეჩერებულ იქნება. ვითხოვ, არავის გაუწიოთ წინააღმდეგობა. ყველა ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, ამას საფრთხედ მივიღებთ", - თქვა პრგოჟინმა.

ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საპასუხოდ აცხადებს, რომ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა გზავნილი და ვიდეომასალა ვაგნერის ბანაკებზე დარტყმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და "წარმოადგენს ინფორმაციულ პროვოკაციას".

ამასთან, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამ დროისთვის არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ პრიგოჟინს თავისი მებრძოლები სადმე გადაჰყავს. 


close დახურვა