საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე ათასობით ოჯახი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩა. გაჭირვებაში და შიმშილის ზღვარზე მცხოვრები ადამიანების ყოფა ყოველდღიურად უფრო მძიმდება.
მრავალშვილიანი ოჯახები საკუთარ თავს ვერც იმ სიაში პოულობენ, რომელიც ხელისუფლებამ მათ დასახმარებლად შეადგინა.
უკიდურესად გაჭირვებულები თანამოქალაქეების იმედად დარჩნენ. ხშირად ვერ, თუმცა მათ მცირედით მეზობლები, ნათესავები და მათთვის უცნობი ადამიანები ეხმარებიან, ეს კი პირდაპირ სახელმწიფოს პასუხიმგებლობაა.
8 შვილის დედა რუსუდან ასლანიშვილი 18 მარტს პანდემიის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. ის მრავალრიცხოვანი ოჯახის ერთადერთი დასაქმებულია. ავტობუსის კონდუქტორად მუშაობს და რაც ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ოჯახი სამჯერ შემცირებული ხელფასის და სოციალური დახმარების ამარაა დარჩენილი.
სახელმწიფო შემწეობის მიღმა დარჩენილი ადამიანები საქართველოში პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისის დროს კიდევ უფრო გაღარიბდნენ. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ასიათასობით შემოსავლის გარეშე დარჩენილი უმწეო ადამიანის ყოფა აჩვენებს, თუ რამდენად მოუმზადებელი დახვდა სახელმწიფო კრიზისს და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების ღირსეულ ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს.