მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობა 4 მილიონს უახლოვდება, დაღუპულია 270 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 300 000-ზე მეტი უკვე განიკურნა. ვირუსს დღის განმავლობაში 2 129 ადამიანი ემსხვერპლა შეერთებულ შტატებში, სადაც დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 77 000. კორონავირუსი დონალდ ტრამპის თანაშემწეს დაუდასტურდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტესტირებას ყოველდღიურად გაივლის.
დაღუპულთა რაოდენობა იზრდება ევროპის ქვეყნებშიც, თუმცა კლებულობს ინფიცირების ახალი შემთხვევები. იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 274 ადამიანი ემსხვერპლა. 178-ით გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა საფრანგეთში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან პარიზის და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონების გარდა, კარანტინის ზომების შემსუბუქება მოხდება.
ე.წ. ლოქდაუნის ეტაპობრივი გაუქმების გეგმას ხვალ წარადგენენ გაერთიანებულ სამეფოშიც. დღის განმავლობაში ვირუსს ქვეყანაში 539 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა რაოდენობა კი 30 615-მდე გაიზარდა. რუსეთმა კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, მსოფლიოში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19 აქ 11 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 177 000 გადააჭარბა. კორონავირუსს რუსეთში საერთო ჯამში 1625 ადამიანი ემსხვერპლა.