ევროკავშირის გადაწყვეტილება საზღვრების ჩაკეტვასთან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა გერმანიაში. აეროპორტებში სხვა ქვეყნებიდან ჩასულ თვითმფრინავებს უკან აბრუნებენ. გაძლიერებულია კონტროლი სახმელეთო საზღვრებზეც.
დღეიდან კარანტინი გამოცხადდა ბელგიაშიც. მოსახლეობას გამონაკლისი შემთხვევების გარდა ქუჩაში გადაადგილება ეზღუდება. მათთვის მხოლოდ სუპერმარკეტები, აფთიაქები და საავადმყოფოები ფუნქციონირებს.
დაცარიელებულია პარიზი, ბერლინი და მადრიდი. ქუჩებში პოლიციელები და სამხედროები პატრულირებენ.
ბოლო მონაცემით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 200 ათასს გადააჭარბა. გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა თურქეთში. ირანში მსხვერპლი ათას 135-მდე გაიზარდა. რუსეთში კი კოვიდ 19-ით უკვე 147 ადამიანია ინფიცირებული. ესპანეთის პრემიერი დღეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდა, თუმცა კარანტინის გამო დარბაზი ცარიელი იყო.