სოფელ რუხის მოსახლეობა ინვესტორ კომპანიას საძოვრების მითვისებაში ადანაშაულებს. ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ ქვის გადამამუშავებელმა კომპანიამ 22 ჰექტრამდე ტერიტორია მიისაკუთრა.
მოსახლეობა იმის გარკვევას ცდილობს, ვინ და რატომ გაყიდა მიწა, რომელიც ადგილობრივების შემოსავლის წყარო იყო. სოფლის ცენტრში შეკრებილებმა ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართეს, რომ აღნიშნულ კომპანიას ქვა-ღორღის მოპოვების უფლება შეუჩერდეს. ამ მოთხოვნით მათ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.
„ჩვენი მოთხოვნა ისაა, რომ სოფლის ხალხი ვართ, გვაქვს საძოვრები და კომპანიამ იყიდა მიწები, თხრიან, საშინელი მდგომარეობაა -დაგვიტოვონ საძოვრები. სოფელს უკვე საშუალება არ აქვს, რომ ძროხები დაიკავონ. ახლა რომ ნახოთ, მტერი ვერ გააკეთებს ასეთ ზარალს - ვერაფერი ვერ გაივლის უკვე. თვითონ ფულს აკეთებენ და გაანადგურეს ბუნება", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აქციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივებთან მოლაპარაკებას გამართავენ.