logo
ENG



მშვილდაძე: სასამართლომ განცხადებაში კონსტიტუციის ისეთი მუხლი მიუთითა, რომელიც აღარ არსებობს

22 ნოე 201923:57
3 წუთის საკითხავი
 
6m04nsy3vywsvlc.png

„ადამიანი როდესაც ფიქრობ, ქართულმა სასამართლომ რითღა შეგიძლია გაგაკვირვოს, მანდ უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას. თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების შესახებ განცხადებაში საქართველოს კონსტიტუციის ისეთი მუხლი მიუთითა, რომელიც აღარ არსებობს. განცხადებაში ეწერა, საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში 84-ე მუხლი აღარ არსებობს. არც 82-ე არც 81-ე, მე-80 და 79-ე, იმიტომ რომ სულ 78 მუხლია. მას შემდეგ, რაც Facebook-ის მომხმარებლებმა მაგრად დასცინეს, სასამართლომ შეცდომა გამოასწორა და ასე დაწერა: საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მოსამართლე თავის საქმიანობაში თავისუფალია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. ახალ განცხადებაში მუხლი უკვე აღარ დააკონკრეტეს, არადა, ახალ რედაქციაში მოსამართლის საკითხს 63-ე მუხლი არეგულირებს“, - ეს განცხადება ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ საკუთარ გადაცემაში „თითქმის ყოველდღე, მიშა მშვილდაძესთან ერთად“ გააკეთა.

გადაცემის წამყვანმა მონოლოგი 18 ნოემბერს აქციის დაშლისას დაკავებულების სასამართლო პროცესის შეფასებით დაიწყო.

„18 ნოემბრის აქციისას დაკავებულთა სასამართლოში გადაგზავნილ ოქმებს ხელს აწერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური  დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მიხეილ დაუშვილი. ოქმის ამობეჭდის დღედ 19 ოქტომბერია მითითებული, რა დროსაც დაუშვილი უკვე ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე მუშაობდა. ბიზნესომბუდსმენი - მეწარმეების უფლებებისა და ინტერესების დამცველი. ახლა გეტყვით 5 თანამდებობას, რომელიც სასურველია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოქმს ხელს არ აწერდეს, მომავალში რომ გაითვალისწინოთ. 1. საქართველოს სახალხო დამცველი, 2. ჯანდაცვის მინისტრი, 3. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 4. ჭყონდიდის მიტოპოლიტი, 5. საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდეტმა სასურველია საერთოდ არაფერს მოაწეროს ხელი, ნუ, ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელმა, მომავალს დაველოდოთ ჯერ მაინც“, - განაცხადა გადაცემის წამყვანმა.

მიშა მშვილდაძე საქართველოს მასშტაბით სამთავრობო შენობების დაბოქლომების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო შტოები ერთობლივი ძალებით ებრძვიან მოქალაქეების სამართლიან პროტესტს, დაბოქლომება მაინც გრძელდება.

„სანამ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო ერთობლივად ებრძვიან მოსახლეობის სამართლიან პროტესტს საქართველოს მასშტაბით სამთავრობო შენობების დაბოქლომება მაინც გრძელდება. არაერთი მაჟორიტარის ოფისი უკვე დააბოქლომეს. მინდა მივმართო მაჟორიტარების ოფისების დარაჯებად გაფორმებულ ნათესავებს: ძმებო, მესმის, რომ გიკვირთ, წლებია ეს კარი გაღებული არ გინახავთ და ბოქლომი რაღა საჭიროა, მაგრამ დამიჯერეთ, მეგობრებო, ახლა საჭიროა. ამ ბოქლომებს დღეს ისეთივე სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ, როგორც თქვენს სამსახურებს, თორემ რას იცავთ?! ვის იცავთ?! ბოლოს როდის ნახეთ?!“, - განაცხადა მშვილდაძემ.

გადაცემის წამყვანი ასევე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებსაც. ტელეკომპანია "ფორმულამ" და "მთავარმა არხმა", 21 ნოემბერს გაუშვეს სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კომოზე იმყოფებოდა, აღნიშნული ფაქტი პარლამენტის თავმჯდომარემ უარყო და ორივე მედიასაშუალება ტყუილში დაადანაშაულა.

„აბა, გამოიცანით, ვინ არის ადამიანი, ვინც 500 ადამიანთან ერთად იმგზავრა, 6 პასპორტ-კონტროლი გამოიარა, სამ აეროპორტში იბოდიალა და მაინც ფიქრობს, რომ ვერავინ შეამჩნია: დევიდ კოპერფილდი? - არა. ჰარი პოტერი? - არა. არჩილ თალაკვაძე? -კი. არჩილ, როგორი არაფორმალური პარლამენტის თავმჯდომარეც არ უნდა იყო, მაინც პარლამენტის თავმჯდომარე ხარ და გიცნობენ“, - განაცხადა მშვილდაძემ.

მშვილდაძის განცხადებით, თალაკვაძე საკუთარი ტყუილით ბიძინა ივანიშვილის ტყუილის გადაფარვას ცდილობს.

„არა მგონია, არჩილ თალაკვაძე ვერ ხვდებოდეს, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი ტყუილი დაიმალება. მგონი, სულ სხვა რამე ხდება, ახლა „ქართული ოცნების“ წევრები იწყებენ კამპანიას გადაფარე ბიძინას განცხადება, ახლა ყველანი დაეწყობიან და იტყვიან მამალ ტყუილებს, რომ ვითომ მარტო ბიძინა კი არ არის მატყუარა, ყველანი მატყუარები ვართ, მთელი სამყარო, რა ქნას ბიძინამ ამ ტყუილით სავსე სამყაროში“, - განაცხადა მშვილდაძემ.

მიშა მშვილდაძე ასევე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა რომ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ბიძინა ივანიშვილის არა დაპირება, არამედ იდეა იყო.

„იუსტიციის მინისტრმა პროპორციული არჩევნების დაპირების თემაზე განაცხადა: ეს იყო ბატონი ბიძინას იდეა და არა დაპირება. მოკლედ,  თეამ სცადა, რომ არც მწვადი დაეწვა, არც შამფური და არც ბიძინა. თეა, იდეა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს სპეციფიკურ კონცეფციას, რომელიც ადამიანის გონებაში წარმოიქმნება ფიქრის შედეგად. ფიქრის შედეგად და არა ათობით ათასი ადამიანის მოთხოვნით. თეა, ჩვენ გვინახავს ბატონი ბიძინას იდეები როგორ დაცურავენ ზღვაში, მაგრამ ვერ ვნახეთ პროპორციული არჩევნები. აქვე ერთი თხოვნაც, თუ შეიძლება დაგვიზუსტოთ, რომ წყალტუბოს აღორძინება დაპირებაა თუ იდეა,და ორასი ათასი სამუშაო ადგილი დაპირება იყო თუ იმედი, უფასო ფული დაპირება იყო თუ ხუმრობა და მამუკა ბახტაძე რა იყო საერთოდ?!“, - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მონოლოგის ბოლოს გადაცემის წამყვანმა მთლიანი კვირა შეაჯამა და ამ კვირის 5 ფრაზა გამოარჩია.

რაც შეეხება გადაცემის სტუმარს, 22 ნოემბერს გადაცემის სტუმარი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე იყო. ქადაგიძემ გადაცემის წამყვანთან ერთად ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა, გასული კვირა შეაჯამა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.


close დახურვა