logo
ENG



მძიმე ორი კვირა გველოდება - აშშ კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა

05 აპრ 202020:32
3 წუთის საკითხავი
clock 521

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრი დღეს შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთია. შეერთებული შტატები დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, დიდ ბრიტანეთში კი, პანდემიასთან დაკავშირებით ელისაბედ მეორე მოსახლეობას ტელევიზიით მიმართავს, რაც მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს ხდება.

უჩვეულო იყო ვატიკანში ბზობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მესაც, რომელიც რომის პაპმა ცარიელ ტაძარში ჩაატარა. კორონავირუსის პანდემიის გამო ღვთისმსახურებამ მრევლის გარეშე ჩაიარა. მესა წმინდა პეტრეს მოედნის ნაცვლად ბაზილიკაში ჩატარდა და ღვითისმსახურებაში პაპთან ერთად მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირი მონაწილეობდა. 

იტალიაში, ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსით არც დაინფიცირების და არც გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. ქვეყანაში, რომელიც ევროპაში პანდემიის ყველაზე ცხელი წერტილი იყო, თვეზე მეტია, საკარანტინო ზომები მოქმედებს. რამდენიმე დღეა, ლომბარდიის ქალაქებში რუსი ეპიდემიოლოგები მუშაობენ და სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ, სამედიცინო საშუალებები მათ იტალიელებს გასულ კვირას ჩაუტანეს, თუმცა თავად რუსეთში, სადაც კოვიდ-19-ის შემთხვევებმა 5 ათასს გადააჭარბა, მედპერსონალი დახმარებას ითხოვს. 

იტალიის გარდა კოვიდ-19-ის შემთხვევების კლების ტენდენციაა ესპანეთში. გუშინ 809 ადამიანი დაიღუპა, დღეს კი 471. მიუხედავად ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა კიდევ ორი კვირის ვადით გახანგრძლივდა. 

34-ით გაიზარდა კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გერმანიაში,  სადაც დაინფიცირების ახალი 900 შემთხვევაც დადასტურდა.

პანდემიის პიკს ერთ კვირაში ელოდება დიდი ბრიტანეთი. ამ დროისთვის გაერთიანებულ სამეფოში დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 619-ით არის გაზრდილი. პანდემიასთან დაკავშირებით მოსახლეობას დღეს ტელევიზიით მიმართავს ელისაბედ მეორე და საკარანტინო წესების დაცვისკენ მოუწოდებს. იგივე მოთხოვნა აქვს ჯანდაცვის მინისტრსაც. 

რთულ ორ კვირას პროგნოზირებს შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პანდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდება. დღეს შეერთებული შტატები დაინფიცირების შემთხვევებით პირველ ადგილზეა. კოვიდ 19-ით დაავადებულთა რაოდენობა უკვე 312 ათასს უახლოვდება.  

24-საათიან რეჟიმში მომუშავე მედპერსონალის მხარდასაჭერად ამერიკელებმა ორიგინალურ გზას მიმართეს. ისინი საავადმყოფოებისკენ მიმავალ გზებზე ექიმებს წარწერებს უტოვებენ და პაციენტებზე ზრუნვისთვის მადლობას უხდიან.


close დახურვა