ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მმართველი პარტიის მიერ მაუწყებლობის კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, არჩილ თალაკვაძეს უპასუხა.
კანონპროექტს შემოაქვს რამდენიმე ნორმა, რომელიც მედიას კიდევ უფრო შეზღუდავს, თალაკვაძემ კი თქვა, რომ კანონმდებლობაში იწერება ჟურნალისტების პოზიტიური ვალდებულებები.
"არც ერთი საერთაშორისო ნორმა არ ავალდებულებს მედიას, რესპონდენტი გამოკითხოს. ამას ავალდებულებს მას მედია ეთიკა, რომელიც არის ცალკე დარგი.
ეს არ არის სამართლებრივი ნორმა, ეს არის ეთიკური ნორმა, რომელიც კანონით კი არ აძლევს სახელმწიფოს შესაძლებლობას, ჩაერიოს და არეგულიროს მედია, არამედ მედიის მომხმარებელს - ამ შემთხვევაში მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეს პოზიცია, უყუროს ამ მედიას, ჩათვალოს ის ეთიკურად ან არათიკურად. პოზიტიური ვალდებულებების სამართლებრივად მედიისთვის დაკისრება, თქვენი კოლეგები უფრო კარგად აგიხსნიან, რომ შეცდომაა". - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
კომიტეტი სხდომაზე თალაკვაძემ ასევე თქვა, "სასამართლოს ვერ დაელოდება" მედიისთვის პასუხის გასაცემად.
ნაცვლიშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ მმართველი პარტია უკმაყოფილოა მის მიერვე რეფორმირებული სასამართლოთი.
"როგორც ჩანს, ქართული ოცნება უკმაყოფილოა მის მიერვე მრავალჯერ რეფორმირებული სასამართლოთი. სასამართლოში რომ შეეძლო წასვლა ადამიანს, თუ მიაჩნდა, რომ მედიამ მისი უფლებები დაარღვია, როგორც ჩანს, ამ სასამართლომაც ვერ აწია უპასუხისმგებლობის და უსამართლობის სტანდარტი. უკმაყოფილო ხართ თქვენივე სასამართლოთი, ბატონი არჩილი ამბობდა, ვერ დაველოდები სასამართლოსო და სასწრაფოდ მინდაო, პასუხის უფლება მომცენო. ანუ სასამართლოთი ხართ უკმაყოფილო, იმიტომ, რომ არსებული მექანიზმი არის სასამართლოში წასვლა. მიხარია, რომ თქვენვე აღიარებთ, რომ თქვენ მიერ რეფორმირებული სასამართლო არ ვარგა". - თქვა დეპუტატმა.
ლელოს წევრმა დეპუტატებს ლექსო ლაშქარავას შემთხვევაც შეახსენა - 2021 წლის 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისში, ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს ტვ პირველის ოპერატორს. 11 ივლისს ის თავის საწოლში დაღუპული იპოვეს. 5 ივლისს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია მედიის დასაცავად.
"ძალიან ცინიკურია საუბარი ზიზღის და სიძულვილის ენაზე და ამ კონტექსტისთვის მედიისთვის ახალი რეგულაციების დაწესებაზე, როცა ამ შენობიდან 20 ნაბიჯის მანძილზე, თქვენ მიერ წარმოებული სიძულვილის პოლიტიკის გამო ადამიანი არის მოკლული. ეს არ დაგავიწყდეთ.
"ქართული ოცნება" ცდილობს, ევროდირექტივის საფარქვეშ, ძალიან დამაზიანებელი მუხლები შემოიტანოს მედიისა და საზოგადოების წინააღმდეგ. ევროდირექტივა გვეუბნება, რომ სასამართლო გამართული უნდა იყოს, კომუნიკაციების კომისია რეალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს და მედიას არ უნდა უწევდეს თვითგადარჩენისთვის ბრძოლა". - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტში დღეს, 19 სექტემბერს ე.წ მოსმენების კანონში ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო.
კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამების და რეკლამის გავრცელება.
კერძოდ, ჩანაწერის მიხედვით:
55.1 მუხლის შემდეგ დაემატოს 55.2 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის აკრძალვა
1. იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე.
2. იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს ტერორიზმისკენ მოწოდებას".
ასევე, კანონს ემატება ჩანაწერი "პასუხის უფლების" შესახებ - "პასუხის უფლება“ ენიჭება პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლის პროგრამაში მასთან დაკავშირებით არასწორი ფაქტები გადასცეს.
ამასთან, ცვლილების მიხედვით, დაუშვებელია ქვეცნობიერზე ზემოქმედება.
ჩანაწერის მიხედვით:
"მუხლი 57.
ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა მედია მომსახურების მიმწოდებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის ან რეკლამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო-ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა".
ვინ დაადგენს, რამ შეიძლება მოახდინოს ზეგავლენა ქვეცნობიერზე, კანონპროექტით დაზუსტებული არ არის.
კანონპროექტში ნახსენებია ტერმინი ჯეროვანი სიზუსტე.
"მუხლი 52.
ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები".
ცვლილებების საფუძვლად კანონპროექტის ავტორები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ასახელებენ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ "მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ეს ნაწილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს და გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში.