logo
ENG



ნაცვლიშვილი: კიკილაშვილის საკონსტიტუციო მოსამართლედ დანიშვნა პოლიტიკური მარადიორობაა

03 აპრ 202017:44
3 წუთის საკითხავი
 

მარადიორობა სკამებისთვის“ - ასე აფასებს ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილის არჩევას. მათი განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მძიმე ვითარებაა შექმნილი და საზოგადოების ყურადღება სხვა თემისკენაა მიმართული, უზენაეს სასამართლოში მსგავსი სხდომის გამართვა მიზანშეწონილი არაა. 

„ასეთი ადამიანის დანიშვნა, რომელიც არაფრით არაა გამორჩეული, არ აქვს არანაირი მიღწევა, წარმატება, დამსახურება, არც სამართლის დარგის და არც ქვეყნის მიმართ, როგორც მოსამართლეს არ აქვს. ასეთი ადამიანის დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოში, თან საგანგებო მდგომარეობის დროს, არის პოლიტიკური მარადიორობა და ეს არის საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ“,- განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა. 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში კლანის მმართველობის მოპოვებაზე საუბრობენ. მათი განცხადებით სასამართლო შტოებს შორის ყველაზე მეტად ნდობით სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო სარგებლობდა, რაც გარკვეულწილად ბარიერს უქმნიდა მმართველ პარტიას. ქართულ ოცნებაში საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა.

„საგანგებო მდგომარეობაა ქვეყანაში გამოცხადებული და 3 ადამიანის შეკრება აკრძალულია, ცოლ-ქმარს აჯარიმებენ ერთმანეთის გვერდზე, რომ იჯდნენ მანქანაში. ამ ფონზე ცოტა უცნაურად მეჩვენება არა სასწარფო საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევა რატომ არის ასეთი სასწრაფო და გადაუდებელი მე არ ვიცი. უზენაესმა სასამართლომ, რომელსაც ძალიან დაზიანებული აქვს რეპუტაცია, უნდა გაითვალისწინოს, რომ მნიშვნელოვანია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“, აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი აირჩია. ხვიჩამ კიკილაშვილმა მოსამართლე მაია კოპალეიშვილი შეცვალა, რომელსაც საკონსტიტუციო სასმართლოში მუშაობის 10 წლიანი ვადა შეუსრულდა.


close დახურვა