ნიკა მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლბოა ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას ეკისრება, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ უზრუნველყოფს.
"მთელი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს, ენით აუღწერელია, რასაც კადრულობს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ გადაყავდეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც თავიდან ბოლომდე იქნება უზრუნველყოფილი მისი ჯანმრთელობა, აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ, ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი არ არის გამორიცხული, ამიტომ სულ რაღაც 6 დღეში ყველამ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი, იმიტომ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც უამრავი რამ გაუკეთებია, მართლაც სახელმწიფოებრივი საფუძვლების შეიქმნა, შეუმდგარი სახელმწიფო იყო და ახლა მურუსიძისა და ღარიბაშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი, უბრალოდ ამ ქვეყანას არ ჰყავს და ისინი ვერ მიაღწვენ საწადელს" , - ამბობს ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია მედიასთან.
მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 24-ე დღეს სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბრობენ როგორც მისი პირადი ექიმი, ისე ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან შემდგარი კონსილიუმის წევრები.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა დაუშვებელია და ის უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.
ადვოკატები ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე გადაწყვეტილება უახლოეს საათებში მიიღონ და ასევე, სახალხო დამცველს მოუწოდებენ, შეისწავლონ ციხის საავადმყოფოს შესაბამისობა ექიმთა კონსილიუმის დასკვნასთან.
მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება სისხლისსამართლებრივად დევნის, საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებამდე, დილით, მან თქვა, რომ ბათუმშია.
დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 24 დღეა, შიმშილობს.