logo
ENG



ნინოწმინდის ბავშვებისთვის - 1-ლ ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა

23 მაი 202110:25
3 წუთის საკითხავი
 
ნინოწმინდის ბავშვებისთვის - 1-ლ ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა
სამხრეთის კარიბჭე

1-ლ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც საპატრიარქოს ექვემდებარება, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებენ. 

7 მაისს გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება დაავალდებულა, პასუხისმგებლობა აიღოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის განხორციელებაზე.

თუმცა, სახელმწიფო დღემდე არ უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს პრობლემის მოსაგვარებლად.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უცნობია ბავშვების მდგომარეობა მაშინ, როცა სახალხო დამცველის ბოლო მონიტორინგზე დაყრდნობით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები არიან.

"ვინაიდან დიდი დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხოებას და სათანადო ზრუნვას, 1 ივნისს (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე), 18:00 სთ-ზე მთავრობის კანცელარიის წინ ვმართავთ საპროეტსო აქციას და საქართველოს მთავრობისაგან მოვითხოვთ:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა;
  • დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში". 

აქციას უერთდებიან:

  • ქალთა მოძრაობა 
  • სირცხვილია 
  • Tbilisi Pride
  • ფონდი ფემინა/Femina Fund 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე უმცროსი - 5 წლის. თუმცა, მონიტორინგი ვერ ხერხდება - ეპისკოპოსი სპირიდონი ომბუდსმენის წარმომადგენლებს ჰომოფობიური მოტივით არ უშვებს - მიიჩნევს, რომ უმცირესობების უფლებების დამცველი სახალხო დამცველი ბავშვებზე ცუდ ზეგავლენას მოახდენს. 2020 წლის ივნისის შემდეგ კი დაწესებულებაში მხოლოდ 1 სოციალური მუშაკი შევიდა - 14 მაისს. 


close დახურვა