logo
ENG



ნოდია: ზურაბიშვილის ზოგადი და ბუნდოვანი სიტყვები "ინკლუზიურ პროცესზე" ფარისევლობაა

12 დეკ 202114:45
3 წუთის საკითხავი
 
ნოდია: ზურაბიშვილის ზოგადი და ბუნდოვანი სიტყვები "ინკლუზიურ პროცესზე" ფარისევლობაა

პოლიტოლოგი გია ნოდია ფარისევლობას უწოდებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, "ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". 

ზურაბიშვილმა ეს განცხადება 10 დეკემბერს, აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე გააკეთა. 

გია ნოდიას შეფასებით, ფარისევლობის ნაწილია ისიც, რომ პრეზიდენტმა ეს მსოფლიო სამიტზე თქვა და არა ქართული აუდიტორიისთვის. 

"პრეზიდენტ ზურაბიშვილის ზოგადი და ბუნდოვანი სიტყვები „ინკლუზიურ პროცესზე“ არის ფარისევლობა.

ისიც ფარისევლობის ნაწილია, რომ ამას მსოფლიო სამიტზე ამბობს და არა ქართული აუდიტორიისთვის. ზოგადად, ინგლისურად ხელისუფლება ერთს ლაპარაკობს, ქართველებს კი სხვას ეუბნება: ამას შევეჩვიეთ.

თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მართლა თვლის „პოლარიზაციას“ პრობლემად, მას, პირველ რიგში, საკუთარი საარჩევნო კამპანიის წინააღმდეგ უნდა გაელაშქრა, რომელიც მთლიანად ოპონენტის სიძულვილზე იყო აგებული. თუ მას ინკლუზიური პროცესი უნდა, პირველ რიგში, უნდა შეიწყალოს და პროცესის ლეგიტიმურ ნაწილად აქციოს მიხეილ სააკაშვილი. მოსწონს ის თუ არ მოსწონს, ამ პოლარიზაციაში ერთ პოლუსს ის წარმოადგენს.

ზოგადად, ინკლუზიური პროცესი თუ პროცესები საქართველოს ნამდვილად სჭირდება. ასევე ზოგადად, პრეზიდენტი ნამდვილად არის ფიგურა, ვინც ასეთი ინიციატივით შეიძლება გამოვიდეს. მაგრამ ეს ვერ იქნება პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ან - ისევ თეორიულად - ის ამას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ უახლოეს წარსულს მკვეთრად გაემიჯნება". - წერს გია ნოდია ფეისბუქზე

***

შერიგების შესახებ ლაპარაკი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 2021 წლის 14 ოქტომბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი წერდა, რომ "თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე". 

10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მზად არის, შეუერთდეს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. 

იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, პირველ რიგში, სინანული და მონანიებაა". 

"როცა ენმ იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით". - თქვა კობახიძემ. 


close დახურვა