ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდრესენი გაოგნებულია პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რომელშიც მან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნორვეგიელ ტერორისტ ანდერს ბრეივიკს შეადარა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ღარიბაშვილის განცხადება "უაღრესად უადგილოა".
"ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია", - ამბობს ელჩი მთავარი არხის კითხვის საპასუხოდ.
***
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი ანდერს ბრეივიკს შეადარა.
25 მარტს ნორვეგიაში, კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა, სწორედ ამას გამოეხმაურა დღეს ღარიბაშვილი და თქვა, რომ ეს იგივეა, სხვა ქვეყანამ ბრეივიკი დააჯილდოვოს.
***
ბრეივიკი არის ნორვეგიელი ტერორისტი. ის 2011 წლის 22 ივლისს ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოწყობილი აფეთქებისა და ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელია. მის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. ნორვეგიის სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ანდერს ბერინგ ბრეივიკს მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვადის გაზრდის შესაძლებლობით.