logo
ENG



ოდიშარია: კობახიძე გულწრფელი ადამიანია, მის სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს

17 აგვ 202314:36
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი ბექა ოდიშარია ირაკლი კობახიძეს "გულწრფელ ადამიანად" მიიჩნევს და ამბობს, რომ მის სინანულში "ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს".

ოდიშარიამ ეს დავით ჯელაძესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შეფასებისას თქვა.

16 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "სინანულს გამოხატავს" იმასთან დაკავშირებით, რომ  შოვში მეწყრისას გადარჩენილ დავით ჯელაძეს "გული ატკინა".

ოდიშარია ფიქრობს, რომ კობახიძემ ამ საკითხზე "ვაჟკაცურად და ღირსეულად" ისაუბრა.

"ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი როგორც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი. შესაბამისად, მის ამ სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს და მითუმეტეს, მე არ მეპარება, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. [...] ამ ფონზე, როდესაც ხელში გაჩეჩებენ რაღაც სურათს შეიძლება მოხდეს და ადამიანმა დაუშვა შეცდომა, რაზეც ვფიქრობ, კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა. სიტყვა სინანული არის ძალიან მაღალი ღირსების აღმნიშვნელი და კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი ლიდერები მისგან გადაიღებდნენ"- ამბობს ოდიშარია.

14 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორიაც, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი "გადასამოწმებელია".

ირაკლი კობახიძის განცხადებას დაეთანხმნენ ოცნების დეპუტატებიც. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოცნების თავმჯდომარის ნათქვამი "აბსოლუტურად მართებულია".

ამავე დღეს სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას და მას შესთავაზა, რომ შოვში თავად აჩვენებდა მისი გადაადგილების ტრაექტორიას.

16 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "სინანულს გამოხატავს" იმასთან დაკავშირებით, რომ  შოვში მეწყრისას გადარჩენილ დავით ჯელაძეს "გული ატკინა".

კობახიძის თქმით, ის დავით ჯელაძეს შეხვდა და მისგან პირადად მოისმინა "წარმოუდგენელი, საოცარი ისტორია", რაც ჯელაძეს შოვში გადახადა.


close დახურვა