დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე თურქმა ბიზნესმენმა, გალიფ ოზთურქმა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს წერილი მისწერა, სადაც პრობლემურ ბიზნესგარემოზე ისაუბრა.
წერილში, რომელიც ფორმულამ მოიპოვა, ოზთურქი აღნიშნავს, რომ კერძო სექტორი ხელოვნურ წინააღმდეგობებს აწყდება, რის ერთ-ერთ მიზეზად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დამოკიდებულებას ასახელებს.
გთავაზოვთ წერილს სრულად:
"ბატონო ირაკლი,
მინდა გაგაცნოთ რეგიონში არსებული მდგომარეობა, რაც დღითიდღე უფრო ხელშესახები ხდება და დროული რეაგირების გარეშე შესაძლოა მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.
საკითხი ეხება აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარისა და კერძო სექტორის ურთიერთობას. აჭარის რეგიონის შემთხვევაში, კერძო სექტორი განსაკუთრებულ (ხელოვნურ) წინააღმდეგობებს აწყდება რიგ საკითხებან მიმართებით.
უცხოელი ინვესტორების (და არამხოლოდ) მიმართ წარმოებულმა ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ და მათდამი ადგილობრივი მთავრობის მხრიდან არასათანადო მოპყრობამ, საქართველოს, როგორც ინვესტიციებისადმი კეთილგანწყობილისა და სტუმართმოყვარე ათასწლოვანი ქვეყნის რეპუტაცია - გაანადგურა და აქცია მითად.
ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა და ბიუროკრატიული წიაღსვლების გამო, დღეს არაერთი საინვესტიციო პროექტია გაჩერებული და ამ ყოველივეს საფუძველს, სწორედ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებები და მის მიერ ნაწარმოები პოლიტიკა წარმოდგენს.
ათობით გაჩერებული საინვესტიციო პროექტი, გაუცემელი ნებართვები, უსაფუძვლოდ დახარვეზებული დოკუმენტაცია და ა.შ, ხოლო იდენტურ - ე.წ. მეგობარი ბიზნესების შემთხვევაში, სრულიად უპრობლემოდ ხდება ყველა პროცედურის დასრულება და ხშირ შემთხვევაში "დაუშვებლად" დაანონსებული პროექტებიც კი, უკვე სისრულეშია მოყვანილი.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ მთავრობის თავმჯდომარე მისი ყოველი საჯარო გამოსვლით - კიდევ უფრო მეტ უთანხმოებას, გაუგებრობასა და შიშს თესავს კერძო სექტორში.
აღვნიშნავთ, რომ - საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს იკავებს, აქ მარტივია დაარეგისტრირო კომპანია და დაიწყო ბიზნესაქტივობა, თუმცა, ყველა მსხვილი გადამხდელი მალევე რწმუნდება, რომ "საქართველოში უნდა იცნობდე, უნდა გქონდეს კონტაქტები, უნდა გაითვალისწინო სხვა ფაქტორები", ამ ფონზე ვკარგავთ არამხოლოდ ბიზნეს პარტნიორებს, არამედ ვკარგავთ შანსს - მათთან ერთად ვაკეთოთ ღირებული საქმე ჩვენი ქვეყნისთვის".
აღსანიშნავია, რომ ოზთურქი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, ხშირად ჩნდებოდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე ყოფილ პრემიერებთან გიორგი გახარიასთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.
2018 წელს, თურქული მედიის ცნობით, ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ოზთურქი სწორედ პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გამოიქცა. თურქი ბიზნესმენის კომპანიები ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივია ბათუმში მდებარე სასტუმრო "ეიფორია". 2020 წლის მონაცემებით, გალიფ ოზთურქმა საქართველოში $500 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.