პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნა რეგიონებში მცხოვრებლებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ორმეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 200 კომლიან სოფელში არც პური იყიდება და არც მედიკამენტები. ადგილობრივები ამბობენ, რომ სურსათის მარაგი ამოეწურათ და ახლა სოფელი შიმშილის ზღვარზეა.
ორმეთიდან ყველაზე ახლოს მდებარე მაღაზია 12 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. უსახსრობის და გადაადგილების შეზღუდვის გამო ვერ ხერხდება საგაზაფხულო სამუშაოების დროულად დაწყებაც. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ოჯახები წელს მანდარინისა და თხილის მოსავლის გარეშე დარჩნენ.
სოფელში მცხოვრები მოზარდებისთვის სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის მოსვლასთან ერთად დასრულდა. ონლაინ გაკვეთილებში ჩართვას ისინი მარტივი მიზეზის გამო ვერ ახერხებენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ დაუკავშირდა.
ოზურგეთის მერის წარმომადგენელი შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბობს, რომ უკვე ორი დღეა განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. თუმცა, სოფელ ორმეთის პრობლემების შესახებ, მაინც ტელეკომპანია ფორმულას გადამღები ჯგუფისგან გაიგო.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას პირდება. უახლოეს მომავალში უნდა ამუშავდეს ე.წ. მობილური ბაზარი, რომელიც სოფლებს პროდუქტებით მოამარაგებს.