logo
ENG



ოზურგეთში სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებენ და მათ დასჯას მოითხოვენ

18 მარ 202020:40
3 წუთის საკითხავი
 

ხმაური იყო დღეს ოზურგეთის პოლიციის შენობის წინ. სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებენ და მათ დასჯას მოითხოვენ. ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ პოლიციამ საქმის გამარტივების მიზნით, ახალგაზრდა კაცზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა და ამ გზით მას აღიარებითი ჩვენება დააწერინა. ახლობლების მტკიცებით, საქმე შეკერილია, რადგან ბრალდებული დანაშაულის ღამეს სახლში იმყოფებოდა.

ახალგაზრდა მამაკაცი გასულ კვირას ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ოჯახი ირწმუნება, რომ თავდასხმის ღამეს ის სახლში იმყოფებოდა, ძლიერად ნასვამი და ეძინა.

ბრალდებულის ოჯახის მონათხრობის მიხედვით ყაჩაღობის მომდევნო დილას, 10 საათზე გამომძიებლებმა ახალგაზრდა პოლიციის შენობაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. შალვა ოქროაძესთან ერთად, პოლიციის განყოფილებაში კიდევ ორი ახალგაზრდა ყავდათ. ოჯახი ამბობს, რომ პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცს სასმელი დაალევინა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა და სასურველი ჩვენება დააწერინა.

დაკითხვის შემდეგ შალვა ოქროაძე სახლში გაუშვეს, თუმცა 10 დღის შემდეგ ის ისევ დააკავეს და ბრალად მოხუცი ცოლ-ქმარზე ძალადობა და ყაჩაღური თავდასხმა წარუდგინეს. ბრალდებულის ძმა ამბობს, რომ პოლიციამ სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მასზეც იძალადა. 

ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ საქმის გაიოლების მიზნით პოლიციამ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ახალგაზრდა საქმის დასახურად დააკავა.

ყაჩაღური თავდასხმა ოზურგეთში 1 მარტს გამთენიას მოხდა. მოხუცი ცოლ-ქმარი სცემეს და მათი სახლიდან თანხა წაიღეს.

 


close დახურვა