logo
ENG



ოთარ კახიძე - გერმანიის ელჩმა დაუწერელ დიპლომატიურ წესს გადაუხვია

29 ივნ 202022:08
3 წუთის საკითხავი
clock 677

"ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ, სოფო ზურაბიანის გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, ზოგადად ელჩები ერიდებიან ისეთ საკითხებში ჩართვას, რაზეც მწვავე პოლიტიკური უთანხმოება არსებობს, თუმცა ქნირშმა საკუთარი განცხადებებით დიპლომატიურ წესს გადაუხვია.

"გერმანიის ელჩის განცხადება იყო შემდეგი, რომ 8 მარტის შეთანხმებაში არ წერია გიორგი რურუას სახელი და გვარიო. ტექნიკურად ეს სწორი განცხადებაა, მართლაც არ წერია სახელი და გვარი, ისევე როგორც სხვა გვარები - უგულავა და ოქრუაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არ წერია, მაინც "ქართულმა ოცნებამ" თვითონ აღიარა, რომ მათი გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი. ამის გარდა, როცა გაათავისუფლეს უგულავა და ოქრუაშვილი, ამ მოლაპარაკებების ფასილიტატორებმა გააკეთეს განცხადება, რომ ეს გათავისუფლება არის გადადგმული ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ. ამიტომ გვარების ჩაწერა არ არის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. შეიძლება გერმანიის ელჩი არ იყო საქმის კურსში, შეიძლება თარგმანის პრობლემა იყო. ერთი დეტალი რაც მინდა აღვნიშნო ამ დიპლომატთან მიმართებაში, არის ის, რომ ელჩები ერიდებიან ისეთ საკითხებში ჩართვას, რომელშიც არის პოლიტიკური უთანხმოება. ამიტომ იყო არაკორექტული არჩილ თალაკვაძის მოწოდება, რომ გამოდით და თქვით რომ ასე არ იყოო. ელჩები არ აკეთებენ ასეთ განცხადებებს და არჩევენ ნეიტრალური პოზიციის დაჭერას. გერმანიის ელჩმა რამდენჯერმე ამ დაუწერელ დიპლომატიურ წესს გადაუხვია. მაგალითად, როდესაც ჩაერთო არასამთავრობო სექტორის შეფასებასა და დაპირისპირებაში სოფო კილაძესთან. როცა 45 არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ პრობლემები აქვს ქსენოფობიური ერთ-ერთ პოლიტიკურ ფიგურას, არ უნდა დაადანაშაულო ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ მიკერძოებაში. ეს ძალიან სარისკო ნაბიჯია. გერმანიის გადასაწყვეტია ვინ იქნება ელჩი საქართველოში, თუმცა ჩვენი პრეროგატივაა შევაფასოთ მისი ესა თუ ის ქმედება", - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა ნახსენები არ ყოფილა. აღნიშნულს ოპოზიციური პარტიების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დიპლომატს "ქართული ოცნების" ლობისტი უწოდა, "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ კი, განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა, გერმანიას საქართველოში უფრო გამოცდილი ელჩი ჰყოლოდა. ჰუბერტ ქნირშის განცხადება უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. ამის შემდეგ ელჩის კრიტიკას მმართველი პარტია გამოეხმაურა და დიპლომატს ბოდიში მოუხადა.


close დახურვა