logo
ENG



კახიძე: ევროსაბჭო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს

15 მარ 202114:19
3 წუთის საკითხავი
 

ოთარ კახიძის თქმით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ითხოვს იმ ადამიანების გამოვლენას და დასჯას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაში. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე 2017 წლის 28 ნოემბერს ევროკონვენციის მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლის დარღვევა დაადგინა. 

ოთარ კახიძე წერს, რომ:

"ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია საქმეზე Merabishvili v. Georgia - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შესახებ.

საქმე ეხება ევროკონვენციის 5§3 მუხლის დარღვევას, რადგან ყოფილ პრემიერ მინისტრს წინასწარი პატიმრობა სასამართლომ დაუსაბუთებლად გაუგრძელა;

აგრეთვე ევროკონვენციის მე-18 და 5§1 მუხლების დარღვევას, რადგან მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა [ოთარ ფარცხალაძემ] უკანონოდ გამოიყენა წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებული პერიოდი. კერძოდ, მან განახორციელა ზეწოლა პატიმრის მიმართ, რაც მიზნად ისახავდა საქმესთან დაუკავშირებელი ინფორმაციის მიღებას.

მინისტრთა კომიტეტი მოითხოვს ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას.

კომიტეტმა გამოხატა სერიოზული შეშფოთება, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სრულფასოვნად, საფუძვლიანად და დროულად.

კვლავ არსებობს კითხვები გამოძიების დამოუკიდებლობასთან მიმართებით, რადგან პროკურატურის იგივე ხელმძღვანელობა ზედამხედველობდა წინა გამოძიებას 2016-17 წლებში.

კონკრეტულ საქმეზე გამოძიების და პასუხისმგებელი პირების დასჯის გარდა, მინისტრთა კომიტეტი მოითხოვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას პროკურატურის რეფორმირების კუთხითაც, რათა გაუმჯობესდეს უწყების დამოუკიდებლობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება.

აღნიშნული მოთხოვნების შესრულების თაობაზე კომიტეტი შესაბამის ანგარიშს მთავრობისგან მიმდინარე წლის სექტემბრამდე ჩაიბარებს". - აცხადებს კახიძე, რომელიც ევროპულ სასამართლოში ვანო მერაბიშვილის ინტერესებს იცავდა. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებით, ასევე დადგინდა, რომ უკანონო იყო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობაც, სულ მცირე 2013 წლის 25 სექტემბრიდან, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი.

ვანო მერაბიშვილმა პატიმრობის დროს, სასამართლო პროცესზე თქვა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს ის ე.წ. მატროსოვის ციხიდან, შუაღამისას, ბადრაგებმა ჩუმად გაიყვანეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ან პროკურატურაში მიიყვანეს, სადაც მას ოთარ ფარცხალაძე და დიმიტრი დარბაისელი დახვდნენ. 

მერაბიშვილმა თქვა, რომ მათ სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიწოდება შესთავაზეს, სანაცვლოდ კი ციხიდან მალე გათავისუფლებას დაჰპირდნენ. 

მერაბიშვილის თქმით, მათ მოითხოვეს ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებიც. 


close დახურვა