მიკოლაივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა დღეს ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
"მიკოლაივს ღამით C-300 ტიპის რაკეტით დაესხნენ თავს, დაარტყეს ორსართულიან სახლს. ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება", - თქვა მან.
დაბომბვის შედეგად, ქალაქის ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, თუმცა როგორც კიმმა აღნიშნა, ამ დროის მონაცემებით, ელექტროენერგია უკვე აღდგა.
17 ოქტომბერს დილით რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა. კიევში განხორციელებულ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა.