სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მიხეილ ღონღაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალით გამოყენებით შეიყვანეს.
როგორც ომბუდსმენის წარმომადგენელმა აღნიშნა, სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მანქანიდან არ გადადიოდა, რა დროსაც ის ძალით გამოიყვანეს.
"მანქანიდან გადმოყვანა და შესახლება მოხდა ძალის გამოყენებით. ის პროტესტის ნიშნად მანქანიდან არ გადმოდიოდა და ის მანქანიდან ძალით გამოიყვანეს", - განაცხადა ღონღაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილი აპროტესტებს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას და ამ დრომდე აგრძელებს შიმშილობას.
"სააკაშვილი მოვინახულეთ. გავესაუბრეთ. აპროტესტებს გლდანის ციხეში გადმოსვლას. აგრძელებს შიმშილობას. სურს საერთო პროფილის კლინიკაში გადასვლა. უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე...
გადმოიყვანეს სასწრაფოს ავტომობილით. ის იმყოფება იზოლირებულ პალატაში. მის პერიმეტრზე პატიმრები არ არიან", - განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.
მანამდე, იმედის ეთერში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 39 დღის განმავლობაში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი ციხის თანამშრომლებზე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის 39-ე დღეა შიმშილობს.
გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.