logo
ENG



"ემპათია" სააკაშვილის გადაყვანაზე: კიდევ ერთი ეპიზოდია წამების ჯაჭვში

08 ნოე 202121:58
3 წუთის საკითხავი
 
"ემპათია" სააკაშვილის გადაყვანაზე: კიდევ ერთი ეპიზოდია წამების ჯაჭვში

ცენტრ ემპათიას ექსპერტთა ჯგუფი კვლავ დაბეჯითებით მოითხოვს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, ექსპერტთა დაშვებით.  

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანით,  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა. 

ცენტრი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს მოქმედება ამწვავებს მოშიმშილის პროტესტს და დამატებით რისკს უქმნის მის სიცოცხლეს.

"მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის მე-8 საპყრობილის ტერიტორიაზე მდებარე ციხის საავადმყოფოში, კიდევ ერთი ეპიზოდია წამების ჯაჭვში როგორც ჯანდაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით.

დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი - წამების აკრძალვა, ასევე, მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლების ხელყოფა, მე-8 მუხლი - პირადი ცხოვრების უფლება, ასევე, სხვა მუხლები.

იმიტირებული და მართული ხმაური მე-8 საპყრობილეში ემსახურება ღირსები შემლახავ მოპყრობას. სავარაუდო ნაძალადევი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში არღვევს მალტის დეკლარაციას, ასევე პაციენტის უფლებას", - წერია განცხადებაში. 

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის 39-ე დღეა შიმშილობს. 

გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს. გლდანის ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არიან შესული.


close დახურვა