logo
ENG



ომბუდსმენი სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან

09 ნოე 202022:47
3 წუთის საკითხავი
 
ომბუდსმენი სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს, პატივი სცენ პარლამენტის წინ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან.

ომბუდსმენი განმარტავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება. 

"დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გააპროტესტონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვის კანონიერება, მისი ეფექტურობა და მიზანშეწონილობა. სწორედ ამ ტიპის შესაძლებლობა განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოს არადემოკრატიულისგან", - ამბობს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი, ასევე, მოუწოდებს მანიფესტანტებს, შეკრებისას დაიცვან დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ამ დროისთვის პარლამენტის წინ დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს. ადგილზე დაახლოებით ერთი საათის წინ სამართალდამველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტებს პარლამენტთან გასათბობად შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, შემდეგ კი სირცხვილიას სამი აქტივისტი დააკავა. 

დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

 


close დახურვა