უკვე ორი საათია, დახურულ კარს მიღმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის ინიციატორი და შუამავალი დიპლომატიური კორპუსია. მხარეები საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მსჯელობენ. დღეს მმართველმა პარტიამ უნდა წარმოადგინოს მისი შეხედულება მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპტიმისტური მოლოდინები არ აქვთ, რადგან ხელისუფლება ამის საფუძველს არ იძლევა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იქნება არა მხოლოდ საარჩევნო სისტემა, არამედ ისეთი ფაქტებიც, როგორიცაა თავდასხმები ოპოზიციის წარმომადგენლებზე.
„გერმანული მოდელი ორად გავყავით და ახლა ვიხილავთ მეორე ნაწილს. სანამ არ ჩამოვა პასუხი ოდირიდან კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, დავსვამთ საკითხს ისეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, როგორიც იყო, მაგალითად, თავდასხმა აეროპორტში. ამ კითხვებზე ხელისუფლებას მოუწევს პასუხის გაცემა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მოუსმენენ ოპოზიციას და შემდეგ შეჯერდებიან პასუხზე. როგორც გიორგი კახიანი ამბობს, მრავალმანდატიანი ოლქების ბევრი მოდელი არსებობს და შეხვედრაზე კონკრეტული უნდა განიხილონ, რათა საბოლოო პოზიციამდე მივიდნენ.
„თქვენ იცით, რომ ბოლო შეხვედრის შემდეგ თემა იყო შერეული სისტემის ფარგლებში მაჟორიტარული ადგილების განაწილების წესზე შეჯერება. დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ - მოვისმენთ მათ შემოთავაზებებს და გვექნება ჩვენი ვერსიებიც. მრავალმანდატიანი ოლქების ბევრი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს. ეს რაუნდი უკვე ეთმობა ამ საკითხის განხილვას", - აცხადებს გიორგი კახიანი.
შეგახსენებთ, რომ მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ ინიციატივა დიპლომატიურ კორპუსს ეკუთვნის. მოლაპარაკებების წინა რაუნდზე სწორედ ისინი გამოვიდნენ წინადადებით, განეხილათ პოლიტიკოსების მრავალმანდატიანი ოლქების კონსტიტუციასთან შესაბამისობა.