logo
ENG



ოპოზიცია ტოვებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზენაესში დასანიშნ კანდიდატებზე იმსჯელებს

29 ივნ 202117:32
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 9 მოსამართლის საკითხს განიხილავდნენ. 

ოპოზიციამ დანიშვნის შეჩერება მოითხოვა. სხდომა ხმაურის და კამათის ფონზე წარიმართა, რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. 

როგორც ამბობენ, ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლების არჩევის პროცესში არც სამუშაო ჯგუფისა და არც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

"კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობა აპირებს, შექმნას რაღაც სამუშაო ჯგუფი, რომ შეამოწმონ პარლამენტისთვის არალეგიტიმურად წარმოდგენილი კანდიდატების დოკუმენტაციის შესაბამისობა. ჩვენ ამ ფარს პროცესში შესვლას არ ვგეგმავთ. მოვითხოვთ, რომ შეიქმნას რეფორმის სამუშაო ჯგუფი ზუსტად ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმენტით, მანამდე კი მოსამართლეთა დანიშვნების პროცესი შეჩერდეს". - თქვა ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. 

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა - მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

სია შემდეგნაირად გამოიყურება: გიორგი გოგიაშვილი; გოჩა აბუსერიძე; ლევან თევზაძე; ქეთევან მესხიშვილი; გიორგი შავლიაშვილი; რევაზ ნადარაია; ბიძინა სტურუა; ეკა ზარნაძე. 

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია, მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეაჩეროს დანიშვნები უზენაეს სასამართლოში. 

ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლება დანიშვნების პროცესს არ აჩერებს. 

"ორაზროვანი განმარტებები არის წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ შარლ მიშეის შეთანხმებაში, ისევე, როგორც ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად წერია, რომ პარლამენტმა პროცესი არ უნდა გააგრძელოს. არავინ კითხულობს ამ შეთანხმებას ისე, როგორც ქართული ოცნება. ამიტომ, ახლა ისხდნენ ამ დარბაზში მარტო და გადაწყვიტონ, სამუშაო ჯგუფი 3-კაციანი შექმნან თუ სამნახევრიანი. ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ ის დაარღვევს შარლ მიშელის შეთანხმებას, ამიტომ, მოუწევს ამისთვის დიდი ფასი გადაიხადოს". - ამბობს ნაცვლიშვილი. 

რა წერია შეთანხმებაში?

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა