logo
ENG



ოპოზიცია ხელისუფლებას საკარანტინე სივრცეების დამატებისკენ მოუწოდებს

06 აპრ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

უკვე 26 დღეა ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დასაბრუნებლად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ემიგრანტების დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება. მთავრობის არაერთი დაპირებისა და განცხადების მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია - ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და სთხოვენ, დროულად დაიწყოს მათი საქართველოში დაბრუნების პროცესი.

ემიგრანტებს პრობლემა აქვთ სპეც.რეისების ავიაბილეთების შეძენასთან დაკავშირებითაც - მათ ნაწილს ბილეთების შეძენის რესურსი აღარ აქვს, ნაწილი კი იმ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც ბილეთების ელექტრონულად შეძენას ვერ ახერხებს. ემიგრანტების თქმით, საელჩოები მათ პრობლემის მოგვარებაში არ ეხმარება.

ემიგრანტების დაბრუნების კონკრეტულ გეგმა შესთავაზა  მთავრობას „ნაციონალურმა მოძრაობამ". ოპოზიცია  ხელისუფლებას უკრაინული ავიაკომპანია „skyup"-ით ევროპის ქვეყნებში უფასო ფრენებს სთავაზობს, თუმცა მმართველი პარტია შეთავაზებას  არ თანხმდება.

იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად მისცემს „skyup“-ს რეისების განხორციელების უფლება, „ნაციონალური მოძრაობა“ თანახმაა თანხები ფონდში გადარიცხოს.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქის დაბრუნების გაჭიანურება, ქვეყანაში არასაკმარისი საკარანტინო სივრცის არსებობას უკავშირდება. პარტია ხელისუფლებას საკარანტინე სივრცეების დამატებისკენ მოუწოდებს.

ხელისუფლების განცხადებით, საკარანტინო სივრცეების პრობლემა ქვეყანაში არ არის - ემიგრანტების დასაბრუნებლად კი დღეს მხოლოდ ორი ახალი რეისი, ბარსელონას და ვარშავას მიმართულებით დაამატეს.

 

 


close დახურვა