logo
ENG



ორბანი: კედელთან აღმოვჩნდი, თუმცა საბოლოოდ, EU-ის სამიტზე კარგ შეთანხმებას მივაღწიეთ

02 თებ 202415:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/02/l9x2ngk936dlj79.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

მისი თქმით, 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე ლიდერებმა "კარგ შეთანხმებას მიაღწიეს". ორბანის განცხადებით, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, რადგან "კედელთან მიაყენეს".

"კედელთან აღმოვჩნდი, თუ ეს შეთანხმება მიღწეული არ იქნებოდა და უნგრეთი ვეტოს უფლების გამოყენებას გააგრძელებდა, მაშინ 26 წევრი შეთანხმდებოდა უკრაინაში ფულის გაგზავნაზე, რასაც ვერ აღვკვეთდი. უნგრეთს გამოყოფილი თანხაც ჩამოერთმეოდა და მასაც უკრაინას გაუგზავნიდნენ.

რატომ უნდა ყოფილიყო ეს კარგი? საბოლოოდ, მოვძებნეთ გამოსავალი - კარგი შეთანხმება. ჩვენ არ გავგზავნით უკრაინაში იარაღს. ვიღებთ ფულს ბრიუსელისგან და წვლილს შევიტანთ უკრაინაში სამოქალაქო სექტორის დაფინანსებაში", - თქვა ორბანმა.

გავრცელებული ცნობით, გუშინდელ სამიტზე ორბანისგან საბოლოო თანხმობის მიღებაში დიდი როლი იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ ითამაშა.

გუშინ, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დაწერა.


close დახურვა