უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღოს აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რასაც იგი ევროკავშირის მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობად აფასებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში ორბანი მოუწოდებს გაერთიანებას, დათანხმდეს აშშ-ის წინადადების პირობებს, რომელიც უკრაინისგან ტერიტორიის ნაწილის დათმობასა და შეიარაღებული ძალების ზომის შემცირებას მოითხოვს.
„ევროპელებმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაუჭირონ მხარი შეერთებული შტატების სამშვიდობო ინიციატივას. აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერის გარდა, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ავტონომიური და პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან“, – წერს ორბანი.
მან ასევე განაცხადა, რომ უნგრეთი „არ უჭერს მხარს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შემდგომი ფინანსური დახმარების გაგზავნას რაიმე ფორმით“ და „არ აძლევს თანხმობას ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე ევროკავშირის სახელითა და ფარგლებში“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:
უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.
ტრამპმა უკრაინას 27 ნოემბრამდე მისცა ვადა, რათა დათანხმდეს ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას.
