logo
ENG



ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდათ, მძიმეა

19 მარ 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდათ, მძიმეა. ორივე პაციენტი ხანდაზმულია. მათგან ერთი - 86 წლის ქალბატონია, რომელიც მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის, მეორე კი, 80 წლის და ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია, ტემპერატურის მატება და სუნთქვის უკმარისობა აღენიშნება.

„ქალბატონი მიეკუთვნება მაღალი რისკის გართულების პაციენტს. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა მძიმე რჩება. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. პაციენტს ჩატარებული აქვს ყველა გამოკვლევა. დადგენილია ვირუსის წყაროც. ის იმყოფებოდა სახლში, თვითიზოლაციაში. ბოლო ორი დღის განმავლობაში აღენიშნება სიცხე 39 გრადუსი და მკვეთრი სუნთქვის უკმარისობა“, - განაცხადა რატიანმა.

ამ თემაზე დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმაც ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ პირები რომლებსაც ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტი ჰქონდათ, იდენტიფიცირებული არიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი ინფიცირების წყაროც დადგენილია. მას ვირუსი შვილისგან გადაედო. ამ შემთხვევაშიც, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 1592 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 262. ვირუსისგან ჯერჯერობით მხოლოდ 1 პაციენტი განიკურნა


close დახურვა