ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილებების ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Facebook-ზე ავრცელებს.
უწყების განცხადების მიხედვით, მათი გეგმიური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომელიც დადებითი იყო.
"ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ. მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ. შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია", - წერია განცხადებაში.
დღეს 18 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1435 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.