logo
ENG



ოცნებას ახალციხის საკრებულოს წევრიც ტოვებს და დეგნანს აკრიტიკებს

11 ივლ 202213:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/11/cfuq2lvn0fv8s9w.png

ქართულ ოცნებას და თანამდებობას ახალიცის საკრებულოს წევრი საბა კბილაშვილიც ტოვებს და საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს აკრიტიკებს. მანამდე ოცნებიდან წასულ დეპუტატებს ლაგოდეხის, ჭიათურის და თერჯოლის საკრებულოს წევრები შეუერთდნენ.

კბილაშვილის თქმით, "ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა".

"ვიცი რა დღეშიც არიან ჩვენი პარტიის ლიდერები, როგორ იბრძვიან ამ ქვეყნისთვის, რას უძლებენ და რა სირთულეები აქვთ იმის მიღმა, რაც ტელევიზორში ჩანს.

რუსეთისკენ გამხედავი ეგ ხალხი, ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა თავის ცხოვრებაში არ არის (თუ ნაცები არ დაბრუნდნენ და გინებ-გინებით ისევ რუსების საქმე არ აკეთეს) და დასავლეთიდან თუ ისეთი დამოკიდებულება იქნა, რაც ელჩის მხრიდან ყაველაშვილის მისამართით ვნახეთ, ალბათ ხვდებით სირთულის მასშტაბს.

ფაქტი ერთია, ასეთი დამოუკიდებელი ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა და არ მინდა ამისთვის დაისაჯოს!!!

ქართველებმა ზუსტად ვიცით ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე, მაგრამ მოყვრობაში თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს. ეს სათქმელია და ამისი თქმა მარტივი არ არის. არც ჩემგან გამოდის თუ ამ გუნდში დავრჩი.

ამიტომ ვუერთდები ჩემი პატივცემული კოლეგის მოწოდებას და ვტოვებ თანამდებობასაც და პარტიასაც. ეს არ არის არც მარტივი, მაგრამ არც ემოციური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა.
რასაც ვხვდები, ვინც პირველად ეს ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, ღმერთმა არ ქნას, რომ მათ რაც იციან, ყველაფრის თქმა დაჭირდეთ. თუ მაინც საჭირო გახდა, მეც მათ გვერდით ვიქნები!" - წერს ის.

დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა ქართული ოცნება და  საპარლამენტო თანამდებობები ოფიციალურად 28 ივნისს დატოვეს. მიზეზად დაასახელეს "უთანხმოება იმის შესახებ, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს მოსახლეობას სიმართლე". შემდეგ კი არაერთხელ გაავრცელეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია მათ შორის იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება "ომში ჩართვასთან არის დაკავშირებული". 

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილი 8 ივლისს მისწერა. 

მასში ნათქვამია, რომ "კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".

პასუხად დეგნანმა განაცხადა, რომ წერილი "სავსე იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო". 

კელი დეგნანის ამ განცხადებას ქართული ოცნების მოქმედმა წევრებმა შეურაცხმყოფელი უწოდეს და მის წინააღმდეგ ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების გავრცელებას აგრძელებენ.


close დახურვა