logo
ENG



ოცნების დეპუტატის თქმით, EU-დან შესაბამისი პასუხის შემთხვევაში "უხამსობაზე" კანონს შეცვლიან

27 ოქტ 202314:56
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ "სიძულვილის ენაზე" სადავო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ქართული ოცნების წევრი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ EU-ის მხრიდან დავალდებულების შემთხვევაში, შესაძლოა, მაუწყებლობის შესახებ კანონი ისევ შეცვალონ.

ეს განცხადება მან ფორმულასთან საუბრისას გააკეთა. აღსანიშნავია, რომ დავით სონღულაშვილი მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი სადავო ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია.

"თუ შესაცვლელი იქნება და მოვა მაგაზე შესაბამისი რეგულაცია, აუცილებლად შევცვლით ისე, როგორც გავაჟღერე სესიაზე. თუ იქნება შესაბამისი პასუხი, რომ ამის გამო შეიძლება არ ჩაითვალოს [შესრულებულად], აუცილებლად, როგორც გავაჟღერე სესიაზე, ისე გავაკეთებთ", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, კერძოდ "სიძულვილის ენაზე" სადავო ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "უხამსობის ენა" დირექტივების ნაწილი არ არის, შესაბამისად დირექტივების გამოყენებით რეგულირებას არ საჭიროებს.

***

პარლამენტმა "სიძულვილის ენაზე" სადავო ცვლილებები 19 ოქტომბერს, მესამე მოსმენით დაამტკიცა

უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის "სიძულვილის ენისა" და "უხამსობის" რეგულირების კუთხით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს აფართოვებს. 

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილა. 

განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 552-ე მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება კი, შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის არსებული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ცვლილების თანახმად, 552-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი. 

კერძოდ, მედიასაშუალებებს, რომლებიც "დაარღვევენ მოთხოვნებს" და გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.

17 ოქტომბერს მედიის ადვოკატირების კოალიციამ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვთ.


close დახურვა