აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯეიმს ო'ბრაიენი წუხილს გამოთქვამს სებ-ში სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილებაზე და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი "ნებისმიერ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია".
ამის შესახებ ელჩი ო'ბრაიენი აქცენტისთვის მიწოდებულ წერილობით კომენტარში საუბრობს.
"14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა ეფესბესთან [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. [სანქციები დაუწესდა] აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან ჩვენს მიერ, რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ.
საქართველოს საბანკო სისტემა საქართველოს დემოკრატიული ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო მიღწევად იქცა. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია"- აღნიშნავს ის.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა, თუმცა მომდევნო დღეს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, რითაც ფარცხალაძის მიმართ სანქციების აღსრულება შეჩერდა.
ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.
ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება ხელს აფარებს ოთარ ფარცხალაძე და ხელისუფლებას სათანადო რეაგირება არ აქვს.