logo
ENG



პაპანიკოლაუ: ბევრია ოცნებასთან განსახილველი, უკეთესია, მიაღწიონ ოპოზიციასთან კონსენსუსს

15 თებ 202314:28
3 წუთის საკითხავი
 

საბერძნეთის ელჩის მოადგილე  ამბობს, რომ "საქართველოსთვის ისტორიული მომენტია, წავიდეს წინ [ევროკავშირის] პრიორიტეტების შესრულების კუთხით.

როგორც მან ფორმულასთან საუბარში თქვა, "გასაკეთებელი ბევრია და უკეთესი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა კონსენსუსს მიაღწევს ოპოზიციასთან".

"ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ტექსტი ჯერ არ მინახავს, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, წავიდეს წინ პრიორიტეტების შესრულების კუთხით. უკვე ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჩვენ ჯერ კიდევ ველით ვენეციის კომისიის შეფასებას, კიდევ ბევრი რამაა მთავრობასთან განსახილველი. უკეთესი იქნება, თუ მიაღწევენ კონსენსუსს ოპოზიციასთან", - ამბობს ელჩის მოადგილე.

მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ "მნიშვნელოვანია, უზრუნველყონ მისი ჯანდაცვა".

"რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობას, ზოგი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დაკავშირებულია ამ ყველაფერთან, ზოგი ამბობს, რომ არა. განსახილველად ეს რთული საკითხია, იმიტომ რომ ექიმებისგან სხვადასხვა შეფასებას ვისმენთ. მათ უნდა იზრუნონ ადამიანზე და უზრუნველყონ მისი ჯანდაცვა", - ამბობს პაპანიკოლაუ.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოზე რეზოლუციას უყრიან კენჭს. კერძოდ, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით 5 ტექსტია დარეგისტრირებული, მათგან 2-ში კი ბიძინა ივანიშვილზე და მის არაფორმალურ გავლენებზეა საუბარი.

ერთი რეზოლუციის ტექსტის ავტორია ევროპის სახალხო პარტია (EPP), მეორის კი ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი. EPP სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას საქართველოს არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილის აკისრებს.

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი აქცენტს აკეთებს საქართველოს მისწრაფებებზე, გახდეს ევროკავშირის წევრი და აცხადებს, რომ ამ პროცესში ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს, იქნება ლაკმუსის ტესტი.

ქართულ ოცნებას მიხეილ სააკაშვილისთვის უცხოეთში ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემისკენ ევროპაში პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფის, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის წარმომადგენლებიც მოუწოდებენ. ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, EU დაეხმაროს საქართველოს, რათა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამოუკიდებელი სამედიცინო შეფასება.


close დახურვა