logo
ENG



პაპუაშვილი: ბევრი ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას, ეს მარტო რუსეთი არაა

15 სექ 202311:47
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: ბევრი ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას, ეს მარტო რუსეთი არაა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ბევრი აქტორია, რომელიც ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას და ეს არ არის მხოლოდ რუსეთი". ეს განცხადება მან აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

პაპუაშვილი კვლავ იმეორებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს უკვე 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან და კერძო პირია. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ფარცხალაძის სანქცირების საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.

"ოთარ ფარცხალაძეს უკვე 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან, აქედან გამომდინარე, ის როგორც კერძო პირი არის მოხვედრილი ამ სანქციებში. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე რომელიც ამ სანქციებში მოხვდა რუსეთის კონტექსტში, ამიტომ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს, რა თქმა უნდა, შეისწავლიან საკუთარ კოლეგებთან ერთად და საზოგადოებას ექნება ამაზე ინფორმაცია.

რა თქმა უნდა, არის ბევრი აქტორი, რომელიც ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და ეს არ არის მხოლოდ რუსეთი და ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით არის მცდელობა, საქართველოზე გავლენის მოხდენის მცდელობა, სააკაშვილის თემაზეც ხომ ხედავთ, რამხელა ჯგუფებია ჩართული, რომ გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე. ასეთი გავლენების მოხდენას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფები თუ სახელმწიფოები ცდილობენ საქართველოზე. ბევრი ცდილობს გავლენის მოხდენას, თუმცა სწორედ ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების სიძლიერე, რომ ერთადერთი სუბიექტი, ვინც მასზე ახდენს გავლენას, ეს არის ქართველი ხალხი და სწორედ ამას რომ ხედავს ქართველი ხალხი, სწორედ ამიტომაა ოცნება მესამედ ხელისუფლებაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ. 

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა. 

 


close დახურვა