შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გიორგი კალანდარიშვილის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატად არ დასახელება პოლიტიკური გადაწყვეტილება და "რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის წახალისებაა."
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა 5 აგვისტოს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. ზურაბიშვილმა კანდიდატად არ დაასახელა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ სიაში არ მოხვდა.
პაპუაშვილის თქმით, კალანდარიშვილი კვალიფიციური, მიუკერძოებელი საჯარო მოხელეა და მისი კანდიდატურის ჩაგდება ოპოზიციის სურვილი იყო.
პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელის დისკრედიტაცია მოხდა, რაც, მისი თქმით, სამწუხაროა.
"სამწუხაროა, მოქმედი თავმჯდომარე, ისე, რომ ამის დასაბუთება საგნობრივი არ მომხდარა, არ იქნა წარმოდგენილი და დასაბუთება იყო პოლიტიკური, რომ თითქოს იქიდან გამომდინარე, რომ კვალიფიციური უმრავლესობა ვერ მოიპოვა ორჯერ, ვთქვათ, ნაკლები შანსი შეიძლებოდა ჰქონოდა. ეს ჩემი აზრით არის ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ და ვიმეორებ მე ხშირად, როცა ვსაუბრობ კოალიციური უმრავლესობის პრაქტიკის ხარვეზებზე, რომ კოალიციური უმრავლესობა ახალისებს საბოლოო ჯამში ოპოზიციის რადიკალურ დღის წესრიგს.
ამ გადაწყვეტილებით რადიკალური ოპოზიციის წახალისება არ არის სწორი და მეორე, ამ გადაწყვეტილებით, ანუ მოქმედი თავმჯდომარის არ წარმოდგენით, რომლის კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და მათ შორის მიუკერძოებლობის მიმართაც ვერავინ ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა, უბრალოდ პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებდა ოპოზიცია და ამ კანდიდატის ჩაგდებას ცდილობდა. და მისი არ წარმოდგენით, ამ პროფესიული ნიშნით გამორჩეული ადამიანის, ეს გახლავთ, ზოგადად კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია. აქედან გამომდინარე მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, რომ არ იქნა წარმოდგენილი კვალიფიციური კანდიდატი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
***
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები გუშინ, 5 აგვისტოს წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა არ დაასახელა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ სიაში არ მოხვდა.
წარგენიდან მალევე ფორმულა გიორგი კალნდარიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი განმარტა, რომ მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი იმიტომ არ მოხვდა პარლამენტისადმი წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურების სიაში, რომ მისი კანდიდატურა 2-ჯერ უკვე წარედგინა პარლამენტს ასარჩევად, თუმცა, მან საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა.
