logo
ENG



პარიზში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია მოეწყო

24 ნოე 201919:45
3 წუთის საკითხავი
 
slp5y5gboe5uvd0.jpg

პარიზში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია მოეწყო. გამოსვლაში მონაწილეობა 70-ზე მეტი ორგანიზაციის წევრებმა მიიღეს. ისინი ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდას აპროტესტებდნენ და ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებაზე უფრო აქტიურ მუშაობას სთხოვდნენ. გამოსვლები გაიმართა ლიონში, სტრასბურგსა და ბორდოშიც. 

რესპუბლიკის მოედანი პარიზში რამდენიმე საათით გადაიკეტა. 50 ათასი ადამიანი საფრანგეთის დედაქალაქში ოჯახში ძალადობის გასაპროტესტებლად მივიდა. 

2019 წლის მონაცემებით, უკანასკნელი 11 თვის განმავლობაში საფრანგეთში  130 ქალი საკუთარმა პარტნიორმა მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ერთ-ერთი პირველია ევროპაში იმ პროგრამების რაოდენობით, რომლებიც ქალებს ძალადობისგან იცავენ,  ქვეყანა  ოჯახში ძალადობის მონაცემებით წამყვან პოზიციაზე რჩება. დემონსტრანტები დღეს ამის მიზეზად  პოლიციის უყურადღებობას ასახელებდნენ. როგორც ირკვევა, პარტნიორების მიერ მოკლული ქალების უმრავლესობას პოლიციისთვის ერთხელ მაინც ჰქონდა მიმართული, თუმცა მათ საჩივრებს რეაგირება არ მოჰყოლია.

ოჯახში ძალადობის პრობლემას „საფრანგეთის სირცხვილი" უწოდა ემანუელ მაკრონმა. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე შეიმუშავა რეფორმები, რომელთა ოფიციალურად გამოცხადებასაც ხვალ აპირებს. ცვლილებები ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის იმ ადამიანებისთვის ჩამორთმევას, რომლებიც ოჯახში ძალადობაში არიან ეჭვმიტანილნი. იგეგმება სპეციალური სასწავლო პროგრამები სამართალდამცველებისთვისაც. რეფორმები საფრანგეთის ხელისულებას დაახლოებით მილიარდი ევრო დაუჯდება.


close დახურვა