logo
ENG



პარლამენტის წინ აქციის მონაწილე 2000 ლარით დააჯარიმეს, 6-ის სასამართლო პროცესი გადაიტანეს

04 მარ 202312:02
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

2 მარტს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დაკავებული 7 მოქალაქის სასამართლო პროცესი გუშინ ღამით გაიმართა.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 6 პირის პროცესი 22 მარტისთვის გადადო, ხოლო მოქალაქე იმედა კლდიაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა. იმედა კლდიაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

2 მარტს პარლამენტთან გააპროტესტეს რუსული კანონი, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონით" არის ცნობილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე ჯამში 36 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები და აქტივისტები. 7 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 29 პირმა კი პოლიციის სამმართველოში გაატარა ღამე. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი დაკავება უკანონოდ მოხდა. ზოგიერთი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებმა ისინი მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ "მონა-ლიზას" სკანდირებდნენ.

ამასთან, აქციის ორი მონაწილის მიმართ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. 

დაკავებულებს შორის იყვნენ პუბლიკას რედაქტორი და ტაბულას ჟურნალისტი. პუბლიკას რედაქტორის, ზურა ვარდიაშვილის თქმით, დღეს დილით დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ 12 საათზე სასამართლოზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა რამდენიმე წუთში გადაურეკეს და აღარ დაიბარეს.


close დახურვა