logo
ENG



პარლამენტმა ვერ შეძლო გარკვეული საკითხების ასახვა ახალ კანონმდებლობაში - კელი დეგნანი

19 ივლ 202012:45
3 წუთის საკითხავი
 
10ix5ygb07pm1d0.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებში გარკვეული რეკომენდაციები არ ასახა.

როგორც დეგნანი განმარტავს, რიგი საკითხების რეგულირება, შეიძლებოდა, უფრო დეტალურიც ყოფილიყო. 

„ჩვენი სურვილი იყო კანონმდებლობაში გვეხილა დებულებები, რომლებიც უფრო დეტალურად დაარეგულირებდა ისეთ საკითხებს როგორიცაა: ამომრჩეველთა შესაძლო დაშინება, საარჩევნო კომისიების პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტება, საარჩევნო დავების გადაწყვეტის საკითხი, ხმების ხელახალი დათვლის პროცესი.

ასევე იმედი გვქონდა, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი დაარეგულირებდა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხს, რაც მნიშვნელოვანია  საარჩევნოდ თანაბარი პირობების შექმნისთვის, ასევე დაარეგულირებდა საარჩევნო რეკლამის საკითხს, რაც საშუალებას აძლევს პარტიებს თავისი პლატფორმა გააცნონ საზოგადოებას. ეს საკითხები აღნიშნული იყო ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში, თუმცა პარლამენტმა ვერ შეძლო მათი ასახვა ახალ კანონმდებლობაში", - აცხადებს კელი დეგნანი.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ისაუბრა მომავალ არჩევნებზეც და აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ყურადღებით დააკვირდებიან.

მისივე განცხადებით, არჩევნების დემოკრატიურლად ჩასატარებლად ნაბიჯები უკვე გადაიდგა, თუმცა გარკვეული საკითხები მეტ ქმედებას საჭიროებს.

„მსურს ყურადღება გავამახვილო ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, მის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. მას დიდი ყურადღებით დააკვირდებიან და ჩვენ არ ვსაუბრობთ  მხოლოდ არჩევნების დღეზე. ეს შეეხება თავად კამპანიასაც – დასაწყისიდან ბოლომდე. გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა წინ და ეს კარგია, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი  გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად", - ამბობს დეგნანი.


close დახურვა