logo
ENG



პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

27 ივნ 202413:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/27/7uo8zgv09au33nh.jpg

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული ვეტო დაძლია.

პრეზიდენტმა 2024 წლის 13 ივნისს დაადო ვეტო საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

კერძოდ, 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტით შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი - შემოღებულ იქნა მათი არჩევის პროცესში 3/5-იანი კვორუმი. ასევე, ცვლილებებით გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელზეც ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

***

რამდენიმე დღის წინ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ და საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები გააკრიტიკა.

მოსაზრებაში ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ მიღებული ცვლილებები არასაკმარისია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესი, რაც ვენეციის კომისიის შეფასებით, გადამწყვეტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.

ვენეციის კომისიის თანახმად, წუხილი ასევე უკავშირდება ანტი-ჩიხურ მექანიზმსაც, რომლის თანახმადაც ვაკანტური პოზიციების შევსება ორი დამატებითი რაუნდით ხდება, რომლითაც შესაძლებელი ხდება კანდიდატები უბრალო უმრავლესობით აირჩიონ, შესაბამისად კი,კომისიის შეფასებით, ეს იწვევს რისკს რომ მმართველი პარტია დამოუკიდებლად და მარტო აირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (უპარტიო) წევრებსა და თავმჯდომარეს.

ვენეციის კომისია დამატებით გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ეს ცვლილებები, საარჩევნო კანონის სტაბილურობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებ დროში იქნა მიღებული.


close დახურვა