logo
ENG



პარტნიორების მოტყუება ცუდად მთავრდება მატყუარებისთვის - ხატია დეკანოიძე

10 მაი 202012:14
3 წუთის საკითხავი
 

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებას საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩავარდნის შესახებ აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები - ისინი ამბობენ, რომ მმართველი გუნდი თადარიგს იჭერს და შეთანხმების დარღვევის ოპოზიციისთვის გადაბრალებას გეგმავს. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს თამაში არ გაუვა და მოუწევს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება.

როგორც „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, ოპოზიცია მხარს დაუჭერს საკანონდებლო ცვლილებებს, თუმცა ამისთვის საჭიროა, მმართველმა ძალამ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

„შეთანხმება იქნა მიღწეული ორ რამეზე - პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე. ჩვენ მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ შესაბამის ცვლილებებს, მაგრამ თუ ისინი არ გაათავისუფლებენ პატიმრებს - ისინი ჩააგდებენ ამ შეთანხმებას. მოსახლეობისთვის მორიგჯერ ნაცრის შეყრას სჯობს შეასრულონ დაპირება. ყველა პასუხისმგებლობას დააკისრებს არჩილ თალაკვაძეს, პარტიას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს", - აცხადებს სერგი კაპანაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა მოლდოველი ოლიგარქის, პლოხოტნიუკის ბედი გაიზიაროს - მათი განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოების მოტყუება მმართველ ძალას მეორედ არ გამოუვა.

„შეთანხმება არის საერთაშორისო პარტნიორების პასუხისმგებლობას და ის, რომ პატიმრების გამოშვებაზე საუბარიც არაა, გულისხმობს იმას, რომ ოცნების და ივანიშვილის იმიჯი კიდევ უფრო დაზიანდება. პარტნიორების ასეთი მოტყუება მთავრდება ცუდად იმ მხარისთვის, ვინც ატყუებს და მთავრდება ისეთი ქმედებებით, როგორიც იყო მოლდოვაში პლოხოტნიუკის წინააღმდეგ", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით საარჩევნო ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ჩავარდნა ოპოზიციის ბრალი იქნებოდა.


close დახურვა