logo
ENG



პენიტენციური: მამალაძე, COVID-19-ის გამო, N18 ციხის საავადმყოფოდან "ვივამედში" გადავიყვანეთ

14 ნოე 202114:28
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციური: მამალაძე, COVID-19-ის გამო, N18 ციხის საავადმყოფოდან "ვივამედში" გადავიყვანეთ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის სამოქალაქო კლინიკაში შემდგომი დაკვირვებების მიზნით გადაიყვანეს.

პენიტენციურის ინფორმაციით, მამალაძე N18 დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილიც გლდანის N18 დაწესებულებაში იმყოფება და მათ ერთი და იგივე სამედიცინო პერსონალი ემსახურებათ. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ მსჯავრდადებულს 13 ნოემბერს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც ჩაუტარდა PCR ტესტი და დადასტურდა Covid-19.

„მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა ვივამედში მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის 2017 წელს, თბილისის აეროპორტში დააკავეს.

თავდაპირველად იყო ვერსია, თითქოს დეკანოზი მაღალი იერარქის მკვლელობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ სასულიერო პირს თეთრუაშვილის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


close დახურვა