logo
ENG



პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია

30 აგვ 202118:17
3 წუთის საკითხავი
 
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ციხეებში კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, რაც მათი საერთო რაოდენობის 1%-ია. 

სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევების უმეტესობა მიმღებ ციხეებში ახლად დაპატიმრებულ ადამიანებში გამოვლინდა. 

"პროტოკოლის მიხედვით, მიმღებ ციხეებში ახლდადაკავებულები სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში თავსდებიან. 

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ისინი შესაბამის პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან. მათი განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება.

ამჟამად, 105 კოვიდინფიცირებულიდან 66 თბილისის ერთ ერთ სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული, თუმცა, 52 მათგანს სამედიცინო დახმარება არ სჭირდება და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ სასტუმრო ნაწილში იმყოფება. 

39 კოვიდინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული". - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. 

სამსახურისვე ცნობით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათ მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამბობს იმასაც, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, NCDC-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს.ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%-მდე უკვე აცრილია.


close დახურვა