სკანდალური განცხადებების ავტორი პეტრე ცაავა საპატრიარქოს მხილებას საკუთარი მედიასაშუალებით იწყებს. სინოდის ხმაურიანი სხდომის შემდეგ ყოფილი მთავარეპისკოპოსი და საპატრიარქოს ტელევიზიის ყოფილი დირექტორი არც პოლიტიკაში წასვლას გამორიცხავს.
"ფორმულას" პეტრე ცაავამ დაუდასტურა, რომ ონლაინ გამოცემას ხსნის. ამ მედია - პლატფორმით ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პატრიარქის მიმართ დასახელებული მისივე ბრალდებების დამტკიცებას ეცდება. საპატრიარქოში ამ საინფორმაციო ომზე საპასუხოდ მზადყოფნას აცხადებენ.
"ფორმულასთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი და საპატრიარქოს ტელევიზიის ყოფილი დირექტორი საინფორმაციო ვებგვერდის შექმნას გეგმავს, რომლითაც ის საპატრიარქოს მხილებას აპირებს. ეს ინფორმაცია თავად პეტრე ცაავამ დაადასტურა.
ონლაინ გამოცემის მთავარი მიზანი საპატრიარქოს პრობლემების გასაჯაროება იქნება და მისი თანამშრომლებიც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტთან დაახლოებული საეკლესიო პირები იქნებიან, პირად საუბარში პეტრე ცაავა ამბობს,რომ ინტერნეტში ვიდეო მიმართვები დაიდება და მასალები წინასწარაც დამონტაჟდება, რაშიც ეპარქიიდან მასთან ერთად წამოსული იღუმენია თამარ გამყრელიძე დაეხმარება. იღუმენია მონტაჟის კურსებს გადის. მეუფე პეტრე ამბობს, მუშაობა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე აქვთ დაწყებული, თუმცა არსებობენ შემწირველები, რომლებიც საპატრიარქოს სამხილებლად ონლაინ გამოცემას ვიდეო აპარატურას გადასცემენ.
საპატრიარქოში აცხადებენ,რომ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის მედია გეგმებზე ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა პეტრე ცაავა ეკლესიიდანაც განკვეთონ, სინოდის მორიგი სხდომა ამ თვეშია დაგეგმილი და სავარაუდოდ, იმ შემთხვევაში თუ ყოფილი მიტროპოლიტი ხმამაღალ განცხადებებს არ შეწყვეტს, მისი საკითხს მღვდელთმთავრები განიხილავენ. სკანდალური განცხადებების გამო ის მღვდელთმთავრობიდან ბოლო სინოდის სხდომაზე უკვე ჩამოაქვეითეს.
პეტრე ცაავას მედია სფეროში გარკვეული გამოცდილებაც დაუგროვა. ის საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო და ამ თანამდებობიდანაც, 2 წლის წინ სინოდის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს.