პირბადეების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით უყრის კენჭს. კანონპროექტი დამტკიცებისთანავე შევა ძალაში.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კანონპროექტში ზოგიერთი საკითხი ბუნდოვანია.
"აუცილებელია, რომ ჯერ წესი არსებობდეს - როგორ და სად უნდა გამოიყენოს ადამიანმა ეს პირბადე. წესი უნდა არსებობდეს გამონაკლისი ვისაც არ ეხება ტარება. ეს საკითხიც ბუნდოვანი დარჩა. გვესმის რეკომენდაცია და პრევენცია, მაგრამ ეს იყო ძალიან მოუმზადებლად გამოტანილი კანონპროექტი, რომელიც ნაწილობრივ შეიცვალა, მაგრამ პრობლემები დარჩა", - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
კანონპროექტის თანახმად, დახურულ სივრცეში პირბადის არ ქონის გამო ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით. სავალდებულო გახდება პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტითა და ტაქსით გადაადგილების დროსაც.