logo
ENG



პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში სახდეპი თბილისს მოსალოდნელ სანქციებზე მიუთითებს

10 მაი 202320:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/10/uy0p3kf2ggtr0tj.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სააგენტო აქცენტთან კომენტარში რუსეთის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში საქართველოს მოსალოდნელი სანქციების შესახებ აფრთხილებს.

"დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეებში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან.

მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის. ქართველი ხალხისთვის, მაღალი ალბათობით, ისაა უმჯობესი, რომ პუტინმა თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებული 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა ან სავიზო რეჟიმის შეცვლა", - სააგენტო აქცენტის ცნობით, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მათთვის მოწოდებულ ოფიციალურ კომენტარში.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.


close დახურვა