logo
ENG



პირს, რომელმაც 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა

02 ივლ 202013:21
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში შეყვარებულის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული შალვა გოგოლაძის პროცესი დასრულდა.

პროცესზე დაცვის მხარემ 20-ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, პროკურატურა კი დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, უჩა ხაჩიურმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

„ის განზრახ მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. დანარჩენი სასამართლოს მიმდინარეობის დროს გაირკვევა, თუ რა დანაშაულთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ადვოკატმა უჩა ხაჩიურმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორმა აღნიშნა, რომ გოგოლაძემ ეჭვიანობის ნიადაგზე მიაკითხა მის შეყვარებულს, თავდაპირველად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ კი ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

„მივიდა მის საცხოვრებელ მისამართზე, თავდაპირველად გაიყვანა სახლიდან, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, წინასწარ შეძენილი ბენზინის გამოყენებით სცადა მისი მკვლელობა. გადაასხა ბენზინი, შემდეგ წაუკიდა ცეცხლი. რაც შეეხება მოტივს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ამ ყველაფერს უძღოდა გარკვეული დაპირისპირება მათ შორის, შესაბამისად გარკვეულწილად აქ იყო ეჭვიანობის მომენტი“, - განაცხადა პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 30 ივნისს 1 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაშავებულმა სხეულის 37%-იანი დამწვრობა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


close დახურვა