უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთს არ შეუძლია ბრძოლა, მაგრამ შეუძლია მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლა.
"განზრახ თავდასხმები კიევის ცენტრზე, ზაპოროჟიესა და დნიპროზე - კიდევ ერთი დასტურია კრემლის ტერორისტული არაადეკვატურობის. რუსეთს არ შეუძლია ბრძოლის ველზე ბრძოლა, მაგრამ შეუძლია მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლა. ლაპარაკის ნაცვლად გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, MLRS, უფრო შორი მანძილის ჭურვები," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
დღეს რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე, კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. წინასწარი ინფორმაციით, კიევის ცენტრში რუსეთის თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 24 კი დაშავდა.
კიევის შევჩენკოვსკის რაიონზე თავდასხმის შედეგად, დაახლოებით დილის 8:45 საათისთვის, ექვს მანქანას გაუჩნდა ხანძარი და 15-ზე მეტი მანქანა დაზიანდა. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, როსტისლავ სმირნოვი.
აფეთქებების ხმა ისმის კიევში, ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროში, ვინაცაში და ტერნოპოლში. ლვოვში ელექტროენერგია გაითიშა, აფეთქება განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე.