logo
ENG



პოდოლიაკი: რუსი მაროდიორებისა და მოძალადეების შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება

23 აპრ 202200:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/23/jmdvthwcp4emse6.jpg
ლენინის ქანდაკება თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ე.წ პარლამენტის შენობასთან
Gleb Garanich / Reuters

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის სამხრეთ საზღვრისკენ მიიწევს და შესაძლოა შემდეგი სამიზნე მოლდოვა გახდეს.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთი აცხადებს, რომ ე.წ დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში რუსეთის მოქალაქეებს ჩაგრავენ, რაც, შესაძლოა, თავდასხმის მიზეზად გამოიყენოს.

„მოსკოვის მადა კვლავ იზრდება. ახლა მისი მიზანი უკრაინის სამხრეთით, დნესტრისპირეთზე წვდომაა, სადაც, მათი თქმით, რუსებს ჩაგრავენ. ნათელია, რომ მაროდიორებისა და მოძალადეების ჯარის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ უკრაინა დღეს ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე.

დნესტრისპირეთი მოლდოვის პრორუსული სეპარატისტული რეგიონია, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს.

რუსეთის მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1990 წელს გამოაცხადა, რასაც 1992 წელს ერთის მხრივ რუსეთისა და ე.წ დნესტრისპირეთის ჯარებსა და მეორე მხრივ მოლდოვის ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა.

1992 წლის 21 ივლისს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ამ დრომდე რუსეთს მოლდოვის ტერიტორიაზე 2 000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული.

დნესტრისპირეთის ე.წ რესპუბლიკას ახლა მხოლოდ 3 თვითგამოცხადებული რესპუბლიკა აღიარებს: აფხაზეთი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი და ყარაბაღი.


close დახურვა