საპატრულო პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე დააჯარიმა.
დეკანოიძე ამბობს, რომ პოლიციამ დაჯარიმებას მიუთითა მუხლი, რომლის თანახმადაც მას კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევას ედავებიან.
"გვაჯარიმებენ და მუხლს უთითებენ, სადაც წერია კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევა. მე არც კოვიდი მაქვს, არც შემხებლობა მქონია და მეუბნებიან, რომ კარანტინისა და იზოლაციის წესები დავარღვიე. მიზღუდავენ გადაადგილების უფლებას და მე ვუწევ წინააღმდეგობას", - თქვა დეკანოიძემ.
პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ დეკანოიძე მთავრობის დადგენილების თანახმად დაჯარიმდა, რომლის თანახმადაც ქუჩაში გადაადგილება ღამის 10-დან დილის 5 საათამდე იკრძალება.
NGO-ები ამბობენ, რომ მთავრობის დადგენილებით კომენდანტის საათის დაწესება არაკონსტიტუციურია. მათი თქმით, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია.
გარდა ამისა, სახალხო დამცველიც განმარტავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.